Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა უსიმპტომო კოვიდინფიცირებულები საკარანტინე სივრცეებში მოათავსონ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მუშავდება გეგმა რომლის თანახმადაც შესაძლო კლინიკებში მყოფი უსიმპტომო კოვიდინფიცირებული პაციენტები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საკარანტინე სივრცეებში განთავსდნენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად კი საჭიროების შემთხვევაში კვლავ კლინიკაში დაბრუნდნენ.

მისი განმარტებით შინ მკურნალობის მსოფლიოში არსებული გამოცდილება ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების გამო ვერ გაიზიარა. ახლა კი სამინისტრო ამ მოდელის დანერგვას ეცდება.

„ჩვენ რატომ ვერ წავედით ბინაზე მკურნალობის მოდელზე? ბინაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს და ოჯახისთვის თითოეული ინფიცირებული რისკია, იქ ხალხს თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს. დღეს საავადმყოფოში პაციენტების დიდი ნაწილი უსიმპტომოა, თუმცა, კლინიკაში მაინც არიან. ასეთი პაციენტისთვის ოპტიმალური იქნება ან ოჯახში ყოფნა თუ ექნებოდა შესაბამისი გარემო ან სასტუმროში გადაყვანა. ეს მოდელი ჩვენ გაზაფხულზე გამოვცადეთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით ამჟამად საქართველოში კოვიინფიცირებულებისთვის მობილიზებულია 500 საწოლი, რომელთაგან 166 თავისუფალია. ეპიდსიტიაციის სამართავად ჯანდაცვის სამინისტრო ორი მიმართულების დანერგვას შეეცდება.

„პირველი, დავამატოთ, საწოლები. უკვე არის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ის კლინიკები, ვინც უნდა ჩაერთოს ეტაპობრივად, თუ კი ამის საჭიროება იქნება და მეორე გზა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს იქნება საკარანტინო სასტუმრო, ასიმპტომური პაციენტების სამართავად. უსიმპტომო პაციენტის კლინიკაში სავალდებულო 14 დღის ნაცვლად, დარჩება 10 დღე, 4 დღე შეიძლება თავისუფლად შემცირდეს და გადავიყვანოთ ასეთი პაციენტი სასტუმროში, სადაც მეტად კომფორტული პირობა ექნება და სამედიცინო მეთვალყურე ეყოლება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, მოდელი საკარანტინე სასტუმროს მსგავსია. თუმცა, პაციენტებს ზედამხედველობას გაუწევს მომზადებული სამედიცინო პერსონალი. ამგვარი სივრცებითვის უკვე შეძენილია სხვადასხვა აღჭურვილობა.

„სამედიცინო პერსონალს შეეძლება მძიმე შემთხვევის დროზე იდენტიფიცირება და მართვა. ასევე, გვაქვს მარტივი აღჭურვილობა შეძენილი, რაც ზომავს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას. ოდნავ მაინც თუ შეინიშნება კლება, მაშინვე შესაძლებელია პაციენტი დაბრუნდეს კლინიკაში. ასეთი სასტუმროები იყო უკვე თბილისში 100 ადგილიანი, ძალიან კარგად იმუშავა, ერთი ბათუმში 50 ადგილიანი იყო, რომელიც არ დაგვჭირდა უბრალოდ და ქუთაისშიც 50 ადგილიანი, ესეც არ დაგვჭირდა და ისინი კვლავ დავაბრუნეთ მაშინ ჩვეულებრივ საკარანტინო რეჟიმში. ახლა ვფიქრობთ, რომ ისევ ეს მოდელი დავაბრუნოთ, იმიტომ კი არა რომ, ამ ეტაპზე, საწოლფონდი არ გვყოფნის, იმიტომ რომ ეს გამოცდილება განვითარდეს, მოდელი დაიხვეწოს და თუ გაჩნდა ამის საჭიროება, გამოვიყენოთ. სავარაუდოდ, ეს მოდელი ამ კვირაში შევა ძალაში და 3 ლოკაციაზე იქნება დამატებითი სხვა ტიპის საკარანტინო სივრცეები. პროტოკოლს შევათანხმებთ კლინიკურ ჯგუფთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG