Accessibility links

მონტენეგროში ათასობით ადამიანმა გაილაშქრა სერბული სიმბოლოების წინააღმდეგ


6 სქტემბერს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში სერბული სახელმწიფო სიმბოლოების წინააღმდეგ, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული პროსერბული ოპოზიციური პარტიები იყენებენ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილე დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ისინი დაიცავენ მონტენეგროს თავისუფლებას.

„ეს არ არის სერბეთი!“, ჩვენ არ დავთმობთ მონტენეგროს“, - გაიძახოდნენ აქციის მონაწილეები.

ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, 30 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში სამი ოპოზიციური პარტიის ალიანსს წილად ხვდა 41 მანდატი 81-ადგილიან პარლამენტში.

ოპოზიციურ ალიანსს, „მონტენეგროს მომავლისათვის“, სათავეში უდგას პროსერბული დემოკრატიული ფრონტი (DF), რომელიც მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვის სერბეთსა და რუსეთთან. პროსერბული ალიანსი, რომელსაც მხარს უჭერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ცდილობს, ხელისუფლებას ჩამოაცილოს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პროდასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS).

მმართველმა პარტიამ, რომელსაც მონტენეგროში 1990-იანი წლების შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები მოგებული აქვს, ამჯერადაც ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, ჯამში 35% პროცენტი მიიღო. მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის მან, სულ მცირე, ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა გადაიბიროს.

მონტენეგროში ვითარება ძალიან დაიძაბა გასულ კვირაში, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების მომხრეები ქუჩებში გამოვიდნენ სერბული დროშებითა და სერბი „ჩეტნიკების“ სიმბოლოებით, ხოლო ერთმანეთს სამი თითის აწევით, სერბული წესით, ესალმებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG