Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო


.
.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფახაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გამო.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზაობის მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმაზომიერი ზრდა, მსგავსი სახის ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, სადაც ქართველ სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების წარმოების დამატებითი უნარები. საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილი მასშტაბის სამხედრო სწავლებების ჩატარების მსგავსი რეგულარული პრაქტიკა, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში, ასევე ძირს უთხრის არსებული კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებს.

გვსურს შეგახსენოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ახლომხედველური და საქართველოს მილიტარიზაციის ხელშემწყობი სახიფათო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რევანშისტური განწყობები, რამაც საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო აგრესიის დაწყებისკენ უბიძგა 2008 წლის აგვისტოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების პასუხად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა გეგმავს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა.

„საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციული მოქმედებების სიმეტრიულ პასუხად, აფხაზური მხარე რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ივლის, აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, აშშ-ისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მოქმედებას აფასებს ღიად პროვოკაციულად და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულად და კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი სახის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს, აშშ-სა და ნატოს აკისრებს.

7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი - 2020“ ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

„ღირსეული პარტნიორი - 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, სწავლების თეატრის – ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

სწავლება, რომლის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG