Accessibility links

ბელარუსში უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სატანკო და საარტილერიო სამხედრო ბაზები


ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ორი საარტილერიო ბაზა და სატანკო რეზერვის ბაზა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფის შემოწმებას და ასევე თადარიგში მყოფი სამხედროების რეზერვში გაწევას.

მსგავსი „შემოწმება“, სამხედრო უწყების ცნობით, დასრულდება სამხედრო ნაწილების მონაწილეობით სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელიც სამხედრო მართვის ორგანოების, სამხედრო ნაწილების და ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართება.

8 აგვისტოს არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებული მასობრივი ანტისამათავრობო გამოსვლების ფონზე, ბელარუსის ხელისუფლებამ სამხედრო ძალების ნაწილები ყაზარმულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

16 აგვისტოს, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ მინსკში, მხარდამჭერთა მიტინგზე განაცხადა, რომ ნატომ ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსა. ნატოს ქვეყნებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, ლუკაშენკამ ვიტებსკიდან ლიეტუვის საზღვართან, ჰროდნოს რაიონში გადაისროლა საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17-20 აგვისტოს სამხედრო წვრთნები გაიმართება ერთბაშად სამ - ბარანოვიჩის, ოსტოროვცისა და ჰროდნოს - პოლიგონზე.

პასუხად ბრიუსელში განაცხადეს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალა არ გაზრდილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG