Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ კრემლის მიმართ კრიტიკულ რუს მსახიობს რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდა სასიკვდილო ავტოავარიის გამო


მოსკოვის პრესნის რაიონის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუს მსახიობს, მიხაილ ეფრემოვს.

სასამართლომ მსახიობი დამნაშავედ ცნო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ეფრემოვმა დაღუპული სერგეი ზახაროვის ვაჟს გადაუხადოს 800 ათასი რუბლი.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეფრემოვს საპატიმროში გადაიყვანენ. აქამდე ის შინაპატიმრობაში იყო.

პროკურორი 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოებები გაითვალისწინა.

ეფრემოვის დაცვა მოითხოვდა ნებისმიერ განაჩენს, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

ავარია ეფრემოვის მონაწილეობით მოხდა 8 ივნისს მოსკოვში. შემთხვევას ემსხვერპლა სერგეი ზახაროვი, რომლის მანქანასაც დაეტაკა ეფრემოვის ავტომობილი. გამოძიების თანახმად, ავარიის დროს, მსახიობი ალკოჰოლის და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.

სასამართლოზე ეფრემოვმა თქვა, რომ ის აღიარებს დანაშაულს და გულწრფელად ინანიებს მომხდარს, თუ დაუმტკიცებენ, რომ ის ჩაიდინა. მაგრამ „მართლაც არაფერი მახსოვს“, თქვა მსახიობმა, რომლის ადვოკატმა სასამართლოზე მიიწვია მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საჭესთან ეფრემოვი არ მჯდარა.

56 წლის მიხაილ ეფრემოვის გამოსვლები, რომლებშიც ის დასცინის პრეზიდენტ პუტინს და მის პოლიტიკას, ბოლო წლებში ერთობ პოპულარული გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=h2fnOu34tFU

https://www.youtube.com/watch?v=jo80PPWNsKM

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG