Accessibility links

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს


ალექსეი ნავალნი

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით გმობენ ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს და რუსეთს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ.

„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ვინმეს მიერ, ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია და ეწინააღმდეგება ამგვარი იარაღის გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მოვუწოდებთ რუსეთს, სასწრაფოდ ცხადად გამჭვირვალე გახადოს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაში",- ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც დიპლომატები მოუწოდებენ რუსეთს პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.

აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთში დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდე და მუქარაა მათთვის, ვინც პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობას ეწევა. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ამ უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შესრულება.

ერთობლივ განცხადებაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

კომაში მყოფი რუსი პოლიტიკოის 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

2 სექტემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

7 სექტემბერს "შარიტეს" საავადმყოფოს ექიმებმა ალექსეი ნავალნი სამედიცინო კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან გამორთეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG