Accessibility links

logo-print logo-print

ამირან გამყრელიძე: ჩაკეტვების პოლიტიკა შეცვალა ე.წ. ბალანსირებულმა პოლიტიკამ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გამოწვევად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ამგვარი პროცესი პროგნოზირებული იყო და ვითარება ამ დროისთვის კონტროლირებულია. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გარდა ინფექციასთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების კონტროლიც.

„ზოგადად ჩაკეტვების პოლიტიკა, თანდათან, მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება დღის წესრიგში. დღეს ყველგან მთელ მსოფლიოში პოლიტიკა მართვისა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ, ერთის მხრივ, სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და, მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, დოვლათი შეიქმნას”, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მთავარი რეკომენდაციები, რაც შემთხვევების ზრდის პარალელურად არსებობს, არის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმება და დაწესებული რეკომენდაციების შესრულება.

„ეს ზრდა რაც გვაქვს, პირდაპირ კავშირშია მობილობის ზრდასთან, როცა ადგილობრივ ტურიზმს მიეცა მეტი გასაქანი. ინფექცია ყველა ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებდა სხვადასხვა ინტენსივობით და ახლა გაზრდილია ეს ინტენსივობა მაღალი მობილობის და ხალხმრავალი შეკრებების გამო, სადაც ელემენტარულ რეკომენდაციებს არ იცავდნენ.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ გვაკონტროლოს, ერთმანეთი რომ ვაკონტროლოთ და შენიშვნა მივცეთ, ამასაც უნდა მივეჩვიოთ. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცა შოლტით უნდა დაგვადგეს და გვითხრას, ამას რატომ არ ასრულებთო. არა, ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს ასეთი. კორონავირუსი არსად არ გაქრება და ერთადერთი თავდაცვა არის დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეკრებისგან თავის შეკავება“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე განმარტავს ტესტირებების რაოდენობის ზრდის მიზეზსაც და ამბობს, რომ ტესტირება ერთადერთი გზა არ არის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაფასებლად.

„ტესტირების გაფართოება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ ინფექციის მართვის. სხვადასხვა ეტაპზე მოთხოვნილება სხვადასხვა იყო. ჩვენ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელს ტესტირების გარდა ვაკვირდებით ბევრი სხვა ინდიკატორით, როგორიცაა საავადმყოფოებში მიმართვიანობა ტემპერატურით, პნევმონიით“.

საკოორდინაციო საბჭომ 9 დეკემბერს რამდენიმე შეზღუდვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მათ შორის, სოციალური ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. 1 ნოემბრამდე გადაიდო 1 ოქტომბერს დაგეგმილი კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG