Accessibility links

ქაბულში თავდასხმას გადაურჩა ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი


ავტომანქანა, რომელშიც ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი იჯდა 9 სექტემბრის თავდასხმისას

ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი, მხოლოდ მსუბუქად დაშავდა თავდასხმის დროს, რომელიც განხორციელდა კოლონაზე, რომელშიც სალეჰი და მისი ვაჟი გადაადგილდებოდნენ.

9 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი ადამიანი და დაშავდა 15.

ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ფეისბუკით გავრცელდა ინციდენტის შემდეგ, ჩანს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, 49 წლის სალეჰი, შეხვეული მარცხენა ხელით, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში. „მე კარგად ვარ, მაგრამ მცველები დაშავდნენ, ამბობს ის და აგრძელებს, რომ „ჩემი ვაჟი, რომელიც მანქანაში იყო ჩემთან ერთად და მე კარგად ვართ, მხოლოდ სახეზე და მკლავზე მაქვს დამწვრობა, ძლიერი აფეთქება იყო", ამბობს სალეჰი.

ინციდენტის ფონია შიში, რომ მზარდი ძალადობა ავღანეთში შეარყევს ნდობას და ხელს შეუშლის დაგეგმილ მოლაპარაკებას, რომლის მიზანი ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ მიმდინარე დაპირისპირების დასრულებაა.

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა მედიით გაავრცელა ცნობა, რომ თალიბანი არ ყოფილა კავშირში სალეჰზე თავდასხმასთან.

ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში დოჰაში, თალიბანთან დაგეგმილ შეხვედრაზე წასვლა გადადეს, როგორც გამოცხადდა, ლოგისტიკური მიზეზებით.

ორი მხარე მოელოდა, რომ მოლაპარაკება დაიწყებოდა მალევე მას მერე, რაც დაიწყებოდა პატიმრების რამდენიმეთვიანი გაცვლა. სალეჰი ამ მოლაპარაკებების მომზადებაში აქტიურად არის ჩართული.

გასულ კვირაში სალეჰმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობა დაუყოვნებლივ მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, რათა გამოსცადოს, არის თუ არა თალიბანი მშვიდობის მომხრე.

შიდაავღანური მოლაპარაკება უნდა მოჰყოლოდა აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვალში მიღწეულ საეტაპო შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG