Accessibility links

200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო ღონისძიებებს არ შეეხება


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება ღია სივრცეში 200 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებული აკრძალვა. ამის თაობაზე მან განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და, რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე. ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულუტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ 200 კაცის შეკრება იზღუდება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაზე, რატომ არ გავრცელდება ის წინასაარჩევნო აგიტაცია-შეკრებებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ უპასუხა, რომ „ესმის ამ კითხვის სენსიტიურობა“ და განმარტა:

„რომ შეზღუდო, ჯერ ერთი, პოლიტიკური პროცესია და არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ნაკლები შეზღუდვები უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ან მმართველი, ან სხვა პარტიების მიერ გარკვეულად დისკრიმინაციად, რომ პროცესი იზღუდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია მონიტორინგი, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, ვინაიდან ეს დაკავშირებულია უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რაც თვე-ნახევრის შემდეგ ქვეყანაში იქნება - ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები.

ამირან გამყრელიძის სიტყვებით, საერთაშორისო რეკომენდაციაცაა, რომ საარჩევნო პროცესი არ შეიზღუდოს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG