Accessibility links

ბელარუსის ოპოზიცია შიშობს, რომ დააკავეს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი


ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, იურისტი მაქსიმ ზნაკი

ბელარუსის ოპოზიციის მაღალი რანგის საორგანიზაციო გაერთიანების ჯერ კიდევ ქვეყანაში მყოფი ერთ-ერთი ბოლო წევრის კოლეგები აცხადებენ, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი მაქსიმ ზნაკთან და შიშობენ, რომ ის დააკავეს.

შეშფოთების ფონია პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ ლოიალური ძალების მხრიდან ოპოზიციის ჩახშობის გაძლიერება, რაც სხვათა შორის სავარაუდო გატაცებას და ძალით ქვეყნიდან გასახლებას გულისხმობს სადავო არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს.

ზნაკის მეგობრებმა დამოუკიდებელ რუსულენოვან საააგენტო Tut.by-ს უთხრეს, რომ ზნაკი არ გამოვიდა კავშირზე ინტერნეტით დაგეგმილი ინტერვიუსთვის და შემდეგ, როცა დაურეკეს, მან სწრაფად უპასუხა, რომ „ვიღაც მოვიდა“ და ტელეფონი გათიშა. მალევე მისგან მოვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება მხოლოდ ერთ სიტყვით „ნიღბები“. ამის შემდეგ ზნაკის ტელეფონი უკვე აღარ პასუხობდა.

7 სექტემბერს, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი, მარია კალესნიკოვა, მინსკში ნიღბიანმა კაცებმა გაიტაცეს.

ის და მისი ორი სხვა თანამშრომელი მეორე დღეს დაუდგენელი გზით აღმოჩნდნენ ბელარუსის საზღვარზე უკრაინასთან, სადაც აშკარად სცადეს მათი ქვეყნიდან განდევნა. კალესნიკავა ბელარუსში დარჩა, რადგან მან, გავრცელებული ცნობით, თავისი პასპორტი დახია.

ბელარუსის ხელისუფლებმა, რომლებმაც უარყვეს, რომ კალესნიკავა საპატიმროშია, ბოლოს აღიარეს, რომ ის დაკავებულია.

საკოორდინაციო საბჭო მოითხოვდა ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, როცა ოფიციალური შედეგები გაყალბებულად შეაფასა.

დასავლეთის მთავრობები მინსკს დაუყოვნებლივ განმარტებებს სთხოვენ ოპოზიციონერების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG