Accessibility links

ცხინვალში ე.წ. თავდაცვის ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს


რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ე.წ. უმაღლესი მთავარსარდლის, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ იბრაგიმ გასეევის ბრძანების მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები გადაიყვანეს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ჩატარებას უკავშირდება.

დე ფაქტო თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ აქვეყნებს: „სამხედრო სარდლობა და შეიარაღებული ძალების დანაყოფები განგაშის სიგნალით, დისლოკაციის ადგილებში შეიკრიბა. დე ფაქტო შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ვიქტორ ფედოროვმა შეხვედრა გამართა სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელებთან და მათთან განიხილა საქართველოს რეგიონებში არსებული ოპერატიული მდგომარეობა, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან არსებული ვითარება“.

დე ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული რეჟიმი, საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხამდე მიყვანის შესაძლებლობით, გაგრძელდება შემდგომ შეტყობინებამდე.

ამასობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო შეიარაღებული ძალების მიერ ძარწემის პოლიგონზე სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას მძიმე ტექნიკა და არტილერია იღებს. დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად პოლიგონზე რუსეთის 58-ე არმიის მებრძოლებიც იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG