Accessibility links

"რატომ ხართ ჩუმად?" - სვეტლანა ალექსიევიჩი რუსეთის ინტელიგენციას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა, მოუწოდა რუსეთის ინტელიგენციას, რომ ხმა აღიმაღლოს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„რატომ ხართ ჩუმად? თქვენგან იშვიათად ისმის ჩვენი მხარდამჭერი ხმა. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვართ თქვენი ძმები“, - ნათქვამია სვეტლანა ალექსიევიჩის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის პენცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.

მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შვიდი წევრიდან ერთადერთია, რომელსაც რეპრესიები არ შეეხო. „საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმში აღარავინ დარჩა ჩემი მეგობარი და თანამოაზრე. ყველა ან ციხეშია, ან საზღვარგარეთ გაყარეს. ბოლოს, დღეს, მაქსიმ ზნაკიც დააკავეს“, - აცხადებს სვეტლანა ალექსიევიჩი.

ალექსიევიჩი უარყოფს ხელისუფლების მტკიცებას, თითქოს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრი თავადაც არის, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

„ჩვენ გვსურს, რომ არ დავუშვათ განხეთქილება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებაში დაიწყოს დიალოგი“, - წერს მიმართვაში ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უარს ამბობს ელაპარაკოს ქუჩას, მაგრამ ქუჩა - ეს არის ასიათასობით ადამიანი. ეს არის ხალხი, „და ჩემს ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მე მიყვარს ის და ვამაყობ მისით“, - წერს ალექსიევიჩი, რომელიც მიმართვას ასე ამთავრებს: „და კარზე კვლავ ვიღაც უცნობი აკაკუნებს“.

დღესვე, სვეტლანა ალექსიევიჩმა, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბასტუნეცმა და ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ხელმძღვანელმა ქრისტოფერ დელუარმა მოუწოდეს გაეროს, რომ სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს ბელარუსში. მათი კიდევ ერთი მიმართვის ადრესატია ეუთო, რომელსაც მოუწოდებენ, შეასრულოს მედიატორის როლი ქვეყანაში მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG