Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაია პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა


ლიეტუვაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დევნილობაში იმყოფება ლიეტუვაში, პირველად შეძლო მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

სვიატლანა ციხანოუსკაია 9 სექტემბერს ვარშავაში შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის.

პოლონეთის ხელისუფლებამ ციხანოუსკაია მიიწვია პოლონეთში მცხოვრებ ბელარუსთა სათვისტომოს კულტურული ცენტრის - „ბელარუსული სახლის“ - გახსნის ცერემონიაზე.

„ბელარუსულმა სახლმა“ ბინა დაიდო ტუნისის ყოფილი საელჩოს შენობაში, რომელზეც აღიმართა თეთრ-წითელი-თეთრი დროშა, ლუკაშენკას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის მთავარი სიმბოლო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე განაცხადა, რომ ვარშავა და მთელი ევროკავშირი „უჭერენ მხარს ბელარუსის ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში“. მორავეცკიმ პოლონეთს უწოდა „ღია სახლი“ ყველა ბელარუსისათვის, ვინც დახმარებას საჭიროებს.

პოლონეთში მყოფი ციხანოუსკაია სიტყვით გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიუხედავად, საპროტესტო აქციები ბელარუსში უნდა „გაგრძელდეს მშვიდობიანად“.

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს პოლონეთში ყველა პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.

ხოლო ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონელი ევროპარლამენტარი დონალდ ტუსკი, გამოვიდა ინიციტივით, რომ სვიატლანა ციხანოუსკაია და მისი ქმარი, სიარჰეი, რომელიც ბელარუსში ციხეში იმყოფება, მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარადგინონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG