Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ბოდიში მოუხადა სერბეთს პრეზიდენტს ვუჩიჩს, ზახაროვას პოსტის გამო


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას ბოდიში მოუხადეს საგარეო საქმეთა წარმომადგენლის მარია ზახაროვას პოსტის გამო, რომელიც შეეხებოდა სერბეთის დელეგაციის ვიზიტს ვაშინგტონში.

განცხადება ვუჩიჩმა ნაციონალური ტელეარხის RTS-ის ეთერში გააკეთა: "პრეზიდენტ პუტინს ჩემთვის არასდროს, არაფრისთვის მოუხდია ბოდიში, არც სერგეი ლავროვს. ამის გამო კი (ზახაროვას პოსტი) ეს ორივემ გააკეთა. თანაც მე ამის შესახებ არც კი მიხსენებია და როგორც აღზრდილი ადამიანი, ამას არასდროს ვიზამდი. ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს და ეს ჩემთვის წარმავალი და უმნიშვნელო ინციდენტია, ”- ციტირებს ალექსანდრე ვუჩიჩის სიტყვებს სააგენტო „РИА Новости.“

გამოცემა „Подъём" კი წერს, რომ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა ინფორმაცია ვუჩიჩისთვის პუტინის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი.

ხუთშაბათს, 10 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირველად დაურეკეს ერთმანეთს იმ დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, რაც ზახაროვას ფეისბუქპოსტმა გამოიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ვუჩიჩისა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის ფოტო. სურათზე ვუჩიჩი სავარძელში ზის ოფისის შუა ნაწილში, ხოლო ტრამპი მოპირდაპირე მაგიდასთან. მარია ზახაროვამ პოსტს დაურთო კადრი ფილმიდან "ძირითადი ინსტიქტი", რომელზეც შერონ სტოუნია ასახული და გააკეთა შემდეგი კომენტარი, „თუ თქვენ თეთრ სახლში გამოგიძახეს და სკამი ისე დადგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, მაშინ დაჯექით ისე, როგორც ეს მეორე ფოტოზეა ასახული“.

ალექსანდრე ვუჩიჩმა, საპასუხოდ, მარია ზახაროვას პოსტს ვულგარული და პრიმიტიული უწოდა. ზახაროვამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი პოსტი არასწორად იქნა გაგებული: ”ერთადერთი, რასაც იგი შეიცავდა, იყო ” განსაკუთრებულთა ”მხრიდან ამპარტავნული დამოკიდებულების მიუღებლობა”, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ხუთშაბათს პუტინსა და ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოსოვოს მოგვარების პრობლემას.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები კარგი და შინაარსიანი იყო. ზახაროვას პოსტთან დაკავშირებით ვუჩიჩმა დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლების რეაქციამ ინციდენტზე აჩვენა, თუ რამდენად პატივს სცემს რუსეთი სერბეთს და პირადად მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG