Accessibility links

გალის რაიონში 28 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - 22 "ენგურჰესის" თანამშრომელია


რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონში 28 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან 22 „ენგურჰესის“ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომელია, დანარჩენები კი მათთან კავშირში მყოფი პირები არიან. როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სავნეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, კორონავირუსზე 10 სექტემბერს 717 პირი გამოიკვლიეს, აქედან 82 იყო ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები. დადებითი აღმოჩნდა 28 პირის ტესტის პასუხი.

„ინიფიცირებულებს არანაირი შემხებლობა და კონტაქტი დანარჩენ საქართველოსთან არ ჰქონიათ. ისინი იმყოფებოდნენ სოფელ საბერიოს ქვესადგურში. მათი გადმოყვანა მოხდება დღეს და გადანაწილდებიან სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში. ის სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. საავადმყოფოში რჩება 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

„ენგურჰესში“ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 სექტემბერს გამოვლინდა, როცა საბერიოს ქვესადგურის 4 თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG