Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კურიერის" ჟურნალისტის ინფიცირების შემდეგ „რუსთავი 2“ ზომებს სამ ეტაპად მიიღებს


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა, პაატა სალიამ და ირაკლი იმნაიშვილმა, ილაპარაკეს იმ ზომების შესახებ, რომელიც არხმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კურიერის“ ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა.

„ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან ვიყავით მზად. შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, არის, რომ მოვიძიოთ ყველა პირდაპირი კონტაქტი. ჩვენც ვმუშაობთ ამაზე და შესაბამისი სტრუქტურაც მუშაობს. გარდა ამისა, უკვე მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, ჩაუტარდეს ტესტირება და უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ, გვეცოდინება, მის უშუალო კონტაქტებს უდასტურდებათ თუ არა ვირუსის გადადება. იმედი გვაქვს, რომ ასე არ იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რომელიც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა. თუმცა გარკვეული ცვლილებები შეიძლება, უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, იმედი გვაქვს, რომ ეთერზე ეს არ აისახება“, - თქვა პაატა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილი აზუსტებს, რომ ტელეკომპანიაში სამ ეტაპად დაიყოფა სამუშაოები.

პირველი - სიტუაციისა და რისკების შეფასება;

მეორე - რისკების მართვა. მართვაში იგულისხმება ყველა თანამშრომლის ტესტირება, რომლებსაც ჰქონდათ ინფიცირებულთან კონტაქტი;

მესამე - არხი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს, რა ცვლილებები უნდა შევიდეს მათ დღის წესრიგში.

იმნაიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი პროტოკოლი დაინერგება იმისთვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს.

„სამწუხაროდ, დღევანდელ ეთერზე ეს აისახა. „ღამის კურიერი“ იყო დაგეგმილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ დღეს გადაცემა მოგვეხსნა ეთერიდან. ჯერ არ გვაქვს რისკები ბოლომდე შეფასებული“, - აღნიშნა იმნაიშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG