Accessibility links

შსს: მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაწესდა


ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად, ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულ პირს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. უწყების ცნობითვე, ბრალდებული კაცის მიმართ შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება საჭირო გახდა ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობის გამო. მოძალადე, რომელიც პირველი ელექტრონული სამაჯურის მატარებელია საქართველოში, 1985 წელს არის დაბადებული და ბრალად ედება 1983 წელს დაბადებული მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

„მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ”, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის
შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული.
ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის
გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112". მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

ასევე ნახეთ: კარანტინში მოძალადესთან ერთად: მიშველეთ, ვერსად გავრბივარ!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG