Accessibility links

“ქალთა მარშზე“ ბელარუსში მილიციამ დააკავა 114 ადამიანი


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქალთა მარშში“ მონაწილე 114 ადამიანი დააკავეს.

სასამართლოს ჩატარებამდე დაკავების ადგილებში მოთავსებულია 87 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ შაბათს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა 1700 ადამიანი.

დამოუკიდებელი ჟურნალისტების თანახმად, მარტო მინსკში 10 000-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დააპატიმრეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი. მათ წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია საქმე „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების“ მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG