Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 სექტემბერს ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან სოჭში


ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა 14 სექტემბერს სოჭში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.

იმავე დღეს ბელარუსში, ქალაქ ბრესტში, სტარტს აიღებს ბელარუსულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლება სახელწოდებით „სლავური ძმობა“, რომელიც 25 სექტემბრამდე გასტანს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საპარაშუტო-სადესანტო ბრიგადა.

ლუკაშენკა და პუტინი ხვალ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ბელარუსში უკვე თვეზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პირისპირ შეხვედრამდე პუტინმა და ლუკაშენკამ რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით, ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო.

მოგვიანებით სამთავრობო ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში პუტინს არ დაუმალავს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, თხოვნის საფუძველზე „რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისგან შეიქმნა რეზერვი“, რომელიც „სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში“ დაეხმარება ბელარუსის ხელისუფლებას.

სოჭის შეხვედრის წინ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი ლიდერი ძირითადად იმსჯელებს ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ორმხრივი კავშირების განმტკიცებაზე.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელი, ალეს ბიალიაცკი შიშობს, რომ ლუკაშენკა შეეცდება კიდევ უფრო მეტ ადამიანის დაკავებასა და დაშინებას, რათა კრემლის ლიდერთან შეხვედრამდე პუტინს აჩვენოს, რომ საპროტესტო აქციები კლებულობს და იგი კვლავ აკონტროლებს სიტუაციას.

„მაგრამ ხელისუფლების მიერ აქამდე განხორციელებულ რეპრესიებს უკუეფექტი ჰქონდა“, - აცხადებს ბიალიაცკი.

XS
SM
MD
LG