Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსში დაიწყო „გმირების მარში“. მილიციამ დააკავა 250 კაცი


ბელარუსში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვირას იმართება საპროტესტო მსვლელობა „გმირების მარში“, მილიციამ დააკავა 250 კაცი „სხვა სიმბოლიკიანი დროშების“ და „შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატების“ გამოყენებისთვის.

მთლიანად ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოვლინდა საპროტესტო ხასიათის 17 კერა, ხოლო აქციებში მონაწილეობს არა უმეტეს 3 000 კაცისა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მხოლოდ მინსკში აქციაში მონაწილეობს დაახლოებით 5000 კაცი.

მილიციას რამდენიმე ქუჩაზე ბლოკირებული ჰყავს დემონსტრანტთა მცირე ჯგუფები და არ აძლევს მათ საშუალებას, რომ შეუერთდნენ ძირითად ნაკადს, რომელიც ცენტრისკენ მიემართება.

ბელარუსში უკვე 36-ე დღეა გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG