Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო უბნები 40 ქვეყანაში გაიხსნება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ცნობით, საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო უბნები გაიხსნება დაახლოებით 40 ქვეყანაში.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გაიხსნა 55 უბანი - 39 ქვეყანაში და საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში - 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადასახადს.

XS
SM
MD
LG