Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერანიკა ცეპკალა: „პუტინს ხალხის მხარე რომ დაეჭირა, იგი ეროვნული გმირი იქნებოდა“


ვერანიკა ცეპკალა
ვერანიკა ცეპკალა

პოლონეთში დევნილობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვერანიკა ცეპკალა, აცხადებს, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც კარგად ხედავს, თუ რა ხდება ბელარუსში, საბოლოოდ მაინც შეცვლის დამოკიდებულებას და დადგება ბელარუსი ხალხის გვერდით.

„ჩემი აზრით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ბელარუსი ხალხის მხარე რომ დაეჭირა, ბელარუსი ხალხის პოზიცია ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლაა, - მაშინ ვლადიმირ პუტინი იქნებოდა ეროვნული გმირი, რადგან იგი, პირველ ყოვლის, ბელარუსის მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას დაუჭერდა მხარს“, - აცხადებს ვერანიკა ცეპკალა, „ნასტაიაშჩეე ვრემიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი მეუღლე, ბელარუსი ბიზნესმენი, მინსკის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვალერი ცეპკალა, რომელიც ხელისუფლებამ არ დაუშვა პრეზიდენტის არჩევნებში და იძულებული იყო მოსალოდნელი საფრთხის გამო მოსკოვში წასულიყო, ამჟამად კიევში იმყოფება.

შეკითხვაზე, თუ რას მოელის პუტინ-ლუკაშენკას14 სექტემბრის სოჭის შეხვედრიდან, ვერანიკა ცეპკალა გამოთქვამს რწმენას, რომ „ვლადიმირ პუტინი საბოლოოდ მაინც არ დაუჭერს მხარს ადამიანს, რომელსაც არ აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო არენაზე.“

დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ გადადგება.

ლუკაშენკა და პუტინი 14 სექტემბერს პირველად შეხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ბელარუსში უკვე თვეზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG