Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გავრცელების ახალი კერა - სოფელი მატანი ჯერჯერობით არ ჩაუკეტავთ


სოფელი მატანი
სოფელი მატანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსის 15-მდე შემთხვევა გამოვლინდა, პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მატნის შესასვლელსა და გასასვლელთან დადგეს საველე კარვები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატანში შემსვლელ და სოფლიდან გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო ზომები.

დღეს დილით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევას განაგრძობენ. მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინფიცირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG