Accessibility links

ლუკაშენკა და პუტინი შეხვედრას მართავენ


ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაიწყეს პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბელარუსში დაიწყო დემონსტრაციების ტალღა ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქციები მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს, რომელშიც ლუკაშენკამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო სააგენტო TASS-ს 14 სექტემბერს დაუდასტურა შეხვედრის დაწყება რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭში.

ლუკაშენკა, რომელიც პუტინს თავის "უფროს ძმას" უწოდებს, შეხვედრას მართავს იმ ფონზე, როცა საპროტესტო აქციები არ წყდება.

პუტინის პრესსამსახური აცხადებს, რომ მოლაპარაკების თემა იქნება "რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო განვითარება და ალიანსი, რომელიც უნდა შედგეს", და "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსხვილ ერთობლივ პროექტებს ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ისევე, როგორც საინტეგრაციო პროცესების ხელშეწყობას ერთობლივი სახელმწიფოს პერსპექტივაში".

ბელარუსში ყოველდღიური გამოსვლები არ წყდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკა 9 აგვისტოს არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოცხადდა გამარჯვებულად. დააპატიმრეს ათასობით ადამიანი, ასობით მოქალაქე სცემა პოლიციამ. დემონსტრანტებზე ზეწოლას მწვავედ აკრიტიკებენ აშშ და ევროკავშირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG