Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის პერიოდში აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოყვანილია 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი


მიმდინარე წლის მარტიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს კოვიდკლინიკებში სამკურნალოდ სულ გადმოყვანილია 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაცია „ეხო კავკაზას“ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიაწოდეს.

უწყების ცნობით, პაციენტების უმრავლესობა არიან „ენგურჰესის“ თანამშრომლები, რომელთაც კორონავირუსი ბოლო დღეების განმავლობაში დაუდასტურდათ. ამავე წყაროს თანახმად, 11 პაციენტი არ განეკუთვნება „ენგურჰესის კლასტერს“.

14 სექტემბერს რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე COVID-19-ით ინფიცირებული 69 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში უთხრეს, პაციენტი სოხუმის მცხოვრებია.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რეანიმობილით ტრანსპორტირებული იქნა ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 186 და გარდაიცვალა 7 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG