Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის მუქარას ირანი „გადამჭრელ“ პასუხს დაუპირისპირებს


ალი რაბიეი
ალი რაბიეი

თეირანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წინა დღით გამოთქმულ მუქარას და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში „ირანის მხრიდან გადამჭრელ პასუხს მიიღებსო“.

ამის შესახებ ირანის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი რაბიეიმ, 15 სექტემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, ირანი შურისძიების მიზნით გეგმავს ამერიკელ დიპლომატზე თავდასხმას გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის სანაცვლოდ.

14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ირანი „ათასჯერ უფრო ძლიერ" პასუხს მიიღებს აშშ-ზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაშიო.

ამ განცხადების ფონია, დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი სავარაუდოდ გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარ, ლანა მარკსზე თავდასხმას.

გასული წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ ტრამპის წარდგინებით, დიპლომატი ლანა მარკსი კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის ელჩად სამხრეთ აფრიკაში.

ამასთან, „პოლიტიკოს“ ხელთ არსებული ცნობებით, ლანა მარკსი ერთ-ერთია იმ ამერიკელთა შორის, რომლებიც სოლეიმანისთვის შურისძიების მიზნით ირანის რეჟიმის სამიზნეს წარმოადგენენ.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

XS
SM
MD
LG