Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID - ის შემთხვევების მართვაში მონაწილეობას მიიღებს 31 კლინიკა


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID - 19-ის მართვაში არიან ჩართულები.

როგორც სამინისტრო იტყობინება, „შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს“.

მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. პრესრელიზის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 2400-მდე საწოლია მობილიზებული. მისი თქმით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

„დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართული იყო 12 კლინიკა, თუმცა კლინიკების სია ფართოვდება და COVID-ის შემთხვევების მართვაში მონაწილეობას 31 კლინიკა მიიღებს. კლინიკებთან ვისაუბრეთ მექანიზმზე, რაც საშუალებას მოგვცემს კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხი შევინარჩუნოთ და კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება ჩამოყალიბდეს. გამოცდილმა კლინიკებმა თავიანთი ექსპერტიზა ახალ კლინიკებს უნდა გაუზიარონ. ამისთვის მობილური კონსილიუმის მექანიზმს გამოვიყენებთ. დღეის მდგომარეობით უკვე მობილიზებულია 2400-მდე საწოლი, საწოლების რაოდენობა სრულად შესაძლოა გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება. მთავრობის დადგენილებით, ეპიდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე 3200 COVID-საწოლის მობილიზებაა განსაზღვრული", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

დღეს, 15 სექტემბერს, დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG