Accessibility links

თბილისი მასპინძლობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას


დღეს თბილისში იხსნება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა. საბჭო, რომელიც გაეროს წევრ 35 სახელმწიფოს აერთიანებს, ორგანიზაციის მმართველი ორგანოა.

საქართველო მსგავს ფორუმს პირველად მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წელს აირჩიეს.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეები, მათ შორის ზურაბ პოლოლიკაშვილი, საბჭოს წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები, საპატიო ელჩები და ტურიზმის ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში 15 სექტემბერს ჩამოვიდნენ. იმავე საღამოს ზურაბ პოლოლიკაშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა სხდომის მონაწილე უცხოელ სტუმრებს თბილისის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ინფორმაციით, საბჭოს სხდომა ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა, პანდემიის გამო გადაიდო.

„საბჭოს სხდომის მთავარი თემა იქნება, თუ როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო ამ ურთულესი სიტუაციიდან და კრიზისიდან, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, რაც განსაკუთრებით ტურიზმის სფეროზე აისახა. პანდემია ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმედ შეეხო ტურიზმის სექტორს. საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ლიდერებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ შევიმუშაოთ გეგმა და სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება ერთიანი ძალებით ვიპოვოთ გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 93%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ ნახევარში კლებამ 65% შეადგინა, ზარალი კი დაახლოებით 460 მილიარდი დოლარია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინების და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება.

ორდღიან სხდომას მეთვალყურეობას გაუწევენ ქართველი ეპიდემიოლოგები. ჩარტერულ ავიარეისს, რომლითაც დელეგაციები ჩამოვიდნენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად ჩამოჰყვა 4 ეპიდემიოლოგი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობითვე, სხდომის მონაწილეებმა საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიტარეს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტირება და საზღვარზე წარმოადგინეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG