ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 10 სექტემბრის შემდეგ, როცა ქალაქში კორონავირუსი დაუდგინდა 20-ზე მეტ პირს, მომდევნო დღეებში კი, ახალი შემთხვევების რიცხვი 10-ს აჭარბებდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მედიას უთხრა, რომ 8 ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, უკავშირდება 32-ე სკოლის „პედაგოგების კლასტერს“, თუმცა, კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. 10 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა სწორედ ამ სკოლის 21 პედაგოგს და ადმინისტრაციის თანამშრომელს. ბოლო ერთ კვირაში, ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირდა 100-მდე ადამიანი. უმეტესობას კავშირი აქვს 32-ე სკოლის კლასტერთან.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ტესტირება ჩაუტარდა 1400-მდე ადამიანს და რისკ-ჯგუფები გამოკვლევა პრაქტიკულად, დასრულებულია.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე დღის წინ განთავსებულ კარავში 15 სექტემბერს ტესტირება ჩაიტარა კიდევ 70-მდე მოქალაქემ. პასუხები დღეს გახდება ცნობილი. წინა დღეებში ტესტირების მსურველთა რიცხვი რამდენიმე ასეული იყო. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, საველე ლაბორატორია მუშაობას დღეს შეწყვეტს.
დილის მონაცემებით, ქუთაისის და საჩხერის კოვიდ-ცენტრებში 187 პაციენტს მკურნალობენ. 100-მდე სამეგრელოს და აჭარის რეგიონებიდანაა.
დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1412.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი