Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ნეონაცისტის, მაქსიმ მარცინკევიჩის საკანში სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ


მაქსიმ მარცინკევიჩი ("ტესაკი").
მაქსიმ მარცინკევიჩი ("ტესაკი").

რუსი ნეონაცისტი მაქსიმ მარცინკევიჩი ჩელიაბინსკის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. სიკვდილის წინასწარ მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ.

მისი გვამი დილით იპოვეს თანასაკნელებმა. მის გვერდით იყო ბარათი, რომელშიც ის მეგობრებსა და ცოლს დაემშვიდობა. წინასწარი მონაცემებით, ის გარდაიცვალა სისხლის დაკარგვის შედეგად. მის გვერდით აღმოჩნდა ბასრი საპარსები.

მარცინკევიჩის ადვოკატმა ივან სიდოროვმა განაცხადა, რომ მის კლიენტს თვითმკვლელობის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა. მისი თქმით, თუკი თვითმკვლელობა ოფიციალურად გამოცხადდება სიკვდილის მიზეზად, „ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვიღაც დაეხმარა“ სიკვდილში.

36 წლის მარცინკევიჩი, მეტსახელად „ტესაკი“, 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი, როგორც რუსეთში აკრძალული ნეონაცისტური ორგანიზაცია „ფორმატ-18“-ის ლიდერი.

2008 წელს ის გაასამართლეს სიძულვილის გაღვივების ბრალდებით, ნაცისტური ლოზუნგებისთვის მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე. პოლიცია გამოიძახა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც დებატების ერთ-ერთი წამყვანი იყო.

2009 წელს მარცინკევიჩი ისევ გაასამართლეს იმავე მუხლით, ვიდეოსთვის, რომელშიც ინსცენირებული იყო ტაჯიკი ეროვნების პირის მკვლელობა. ამის შემდეგ ის გაასამართლეს საკუთარ სოცქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომასალისთვის, მოგვიანებით კი გაასამართლეს ყაჩაღობისთვის.

2012 წელს მარცინკევიჩი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში შესვლისთვის იბრძოდა, მაგრამ ის მოხსნეს არჩევნებიდან.

კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მთავრობა მარცინკევიჩის ჯგუფს ოპოზიციის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იყენებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG