Accessibility links

აშშ-ის საელჩო მცხეთის ჯვრის კონსერვაცია-გამაგრებისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს


აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდიდან მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის 506 ათასი აშშ დოლარი გამოიყო.

როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს საქართველოს ისტორისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

„ეკლესია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ისტორიასა და კულტურაში, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქვს საშუალება შეინარჩუნოს საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანები სიმბოლო“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელმაც თავად მოინახულა პროექტის განხორციელების ადგილი.

მცხეთის ჯვრის ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან 506,000 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.

2019 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინურ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. ამ სამუშაოებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, მერი ქეი ჯუდი, დამოუკიდებელი ექსპერტი აშშ-ის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაციიდან. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

2020 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $ 506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).

„მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში 20 პროექტის დასაფინანსებლად შეერთებულმა შტატებმა 2 მილიონი დოლარი გამოყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG