Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თემაზე ზალკალიანმა პომპეოსგან მიიღო საპასუხო წერილი 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კოლეგისგან მიღებული საპასუხო წერილის შესახებ „ფეისბუკზე" წერს.

„დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ - უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით - საელჩოს სახით და ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი", - წერს ზალკალიანი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.

ზალკალიანმა დაამატა, რომ „პარტნიორების მსგავსი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების დემოკრატიული არჩევნები".

XS
SM
MD
LG