Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის თქმით, არავითარი კავშირი არ უნდა იყოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და ნავალნის საქმეს შორის


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ უნდა იყოს რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამვლას შორის. გერმანია, სადაც ამჟამად მკურნალობენ ნავალნის, აცხადებს, რომ პოლიტიკოსი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანია ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტისა, მაგრამ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობას მოუწოდებენ, შეაჩეროს გაზსადენის მშენებლობა, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს ნავალნის მოწამვლის გამჭვირვალედ გამოძიებაში.

20 აგვისტოს ნავალნი უცებ გახდა ავად, როცა ის თვითმფრინავით მიემგზავრებოდა ტომსკიდან მოსკოვში. მას შემდეგ, რაც ის ბერლინში წაიყვანეს სამკურნალოდ, გერმანელმა ექიმებმა ბუნდესვერის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლულია „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული მომწამლავი ნივთიერებით.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკომა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან სატელეფონო კონფერენციის დროს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხი არ უნდა წამოიჭრას, როცა საქმე ნავალნის შემთხვევას ეხება.

„უნდა შეწყდეს პოლიტიზირების კონტექსტში მისი ხსენება,“ თქვა პესკოვმა. „ეს კომერციული პროექტია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება როგორც რუსეთის, ისე ევროპის კავშირის ქვეყნების, პირველ რიგში, გერმანიის ინტერესებს.“

უკრაინა და ევროკავშირის წევრები - პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანას. აშშ კი ცდილობს, სანქციებით შეაჩეროს პროექტი, რამაც განარისხა ევროკავშირი წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG