Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის კლინიკამ "პუტინის მზარეულს" დაუბრუნა ნავალნის "სამკურნალოდ" გადარიცხული მილიონი


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

ბერლინი კლინიკა „შარიტემ“ პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ და მისი მზარეულის სახელით ცნობილ რუს ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს დაუბრუნა მილიონი რუბლი, რომელიც მან კლინიკას გადაურიცხა „ალექსეი ნავალნის სამკურნალოდ“.

პრიგოჟინთან კავშირის მქონე კომპანია „კონკორდის“ პრესსამსახურმა გერმანული ინტერნეტ-გამოცემის, t-online.de-ს შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ 7 სექტემბერს გადარიცხული თანხა 16 სექტემბერს უკან დაბრუნდა სავარაუდოდ, იმ მიზეზებით, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს და გარდა ამისა, თანხის მიღების შემთხვევაში, კლინიკას ანგარიში უნდა წარედგინა: „როგორც ჩანს, „შარიტეს“ არ სურს ნავალნის მოწამვლის და მკურნალობის დეტალების გამჟღავნება ევგენი ვიქტორის ძის წინაშე“.

პრიგოჟინის კომპანიები რუსეთის სასწავლო, სამედიცინო და სახელმწიფო დაწესებულებებს საკვებით ამარაგებენ 2011 წლიდან. ამ პერიოდში სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ 209 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების 5000-ზე მეტი კონტრაქტი.

ევგენი პრიგოჟინი მიჩნეულია რუსეთის ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი „ტროლების ფაბრიკის“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ორგანიზატორად. "ვაგნერის" შეიარაღებული პირები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინის აღმოსავლეთში, სირიასა და აფრიკაში.

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა "შარიტეში" 22 აგვისტოდან იმყოფება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს და საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან.

ალექსეი ნავალნი კომიდან გასულ კვირაში გამოვიდა, ამჟამად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაც აღარ სჭირდება და სრულიად კონტაქტურია. 20 აგვისტოს, როცა ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. თვითმფრინავი იძულებული გახდა ომსკში დაშვებულიყო. 22 აგვისტომდე ნავალნი ომსკის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოწამლეს.

რუსეთისგან განმარტებას და ობიექტურ გამოძიებას ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვენ გერმანია და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები. კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

XS
SM
MD
LG