Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ არჩევნების დანიშვნამდე ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი პარტია "ლელოს" ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის - მომოს" მეშვეობით გაცემული დახმარებებია, სხვა შემთხვევებს კი "ქართულ ოცნებასა" და "პატრიოტთა ალიანსს" უკავშირდება. ორგანიზაციამ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს 17 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გამართა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ მათმა დამკვირვებლებმა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა);
  • ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა;
  • ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.

საია აღნიშნავს, რომ მთავრობის პროგრამები, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიის დროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს კომონუკაცია, ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების გაზრდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მის დაქვემდებარებაში არსებული დავალიანებების მოქალაქეებისთვის ჩამოწერა და საჯარო მოხელეების შეხვედრები, არ იყო გამიჯნული პარტიული ღონისძიებებისგან.

ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში ორგანიზაცია იხსენებს "ლელოს" მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას და გალელი სტუდენტების დაფინანსებას, "ქართული ოცნების" უფასო სამედიცინო აქციას სენაკში და ბოსტნეულის დარიგებას ქობულეთში. ანგარიშში ასევე მოხდა "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან ბათუმის თეატრის თანამშრომლებისთვის სურსათის დარიგების შესაძლო ფაქტი.

ძალადობისა და აგიტაციის ხელშეშლის ნაწილში, ორგანიზაციამ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევა, სოფელ დიცში "ლელოს" წევრების არშეშვება და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის შეიარაღებული გადაადგილების ვიდეოს გავრცელება ასახა.

ამავე ანგარიშში მოხვდა ბათუმის მერის გადადგომის, "რესპუბლიკური პარტიის" არჩევნებზე რეგისტრაციის შეფერხების, "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების და ამავე პარტიის მიერ ბათუმში გაკრული ბანერების საკითხებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG