Accessibility links

logo-print logo-print

პოლონეთს სმოლენსკის აეროპორტის ავიადისპეტჩერების დაპატიმრება სურს


პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ვარშავის საოლქო სასამართლოს შუამდგომლობით იმ რუსი ავიადისპეტჩერების დაპატიმრების შესახებ, რომლებიც მორიგეობდნენ სმოლენკის აეროპორტში პოლონეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავის „ტუ-154-ის“ ავარიის დროს 2010 წლის აპრილში.

მათ ბრალად ედებათ თვითმფრინავის „ავიაკატასტროფამდე განზრახ მიყვანა“. ავარიის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი.

ამის თაობმაზე ცნობა გაავრცელა პროკურატურის პრეს-მდივანმა, ევა ბიალიკმა.

თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის თხოვნას, ამ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

პირველმა პოლონურმა კომისიამ, რომელიც იძიებდა კატასტროფას, მიზეზად აღიარა მფრინავის შეცდომა, რომ ძალიან ცუდი ხილვადობის პირობებში შეეცადა დაესვა თვითმფრინავი.

პოლონელმა გამომძიებლებმა დაადგინეს ასევე, რომ თვითმფრინავის ავარიის დღეს სმოლენსკში არ მუშაობდა რადიოსალოკაციო სისტემა. რუსმა დისპეტჩერებმა არ იცოდნენ, სად იყო თვითმფრინავი და, როგორც პოლონური მხარე თვლის, მათ მფრინავებს დაჯდომის წინ მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს ისვე, როგორც სამთავრობათშორისო საავიაციო კომიტეტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფების გამოძიებითაა დაკავებული. კომიტეტი თვლის, რომ თვითმფრინავი მფრინავების შეცდომის გამო ჩამოვარდა, რომ მათ ავიალაინერის დასმა დაიწყეს უამინდობის პირობებში. კომისიის ანგარიშში წერია, რომ დაჯდომის დროს კაბინაში იმყოფებოდა უცხო პირი.

2016 წელს პოლონეთმა განაახლა ავარიის გამოძიება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ ავარის მიზეზი შეიძლებოდა ტერაქტი ყოფილიყო.

2020 წლის ივლისში ხელმეორედ გამოძიების პოლონურმა კომისიამ განაცხადა, რომ ტრაგედია მოხდა „წინასწარგანზრახული ქმედების" გამო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია ორმა აფეთქებამ ბორტზე. კომისიის მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩადეს თვითმფრინავში რუსეთში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს. პოლონეთის და ბრიტანეთის ლაბორატორიებმა აფეთქების ვერსია დაადასტურეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აფეთქების ვერსიას უსაფუძვლოდ თვლის.

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის აეროპორტთან პოლონეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავმა, „ტუ-154-მ“ განიცადა კატასტროფა. ავარიის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, ასევე ამ ქვეყნის თითქმის მთელი მაღალი სამხედრო მეთაურები, საზოგადოებრივი და რელიგიური მოღვაწეები, ცნობილი პოლიტიკოსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG