Accessibility links

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის


პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა „ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ“ კანონპროექტი.

რომლის მიხედვით, ქუთაისში შეიქმნება სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სამინისტროების, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობები.

საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ასევე ქუთაისის განვითარების 5-წლიანი გეგმის რეალიზაცია და შექმნას საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები.

კანონპროექტის მიხედვით, ქუთაისის პოლიციის უფროსის თანამდებობა იქნება არჩევითი და პოლიციის უფროსს ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები აირჩევენ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, „კანონპროექტი გახდება ლოკომოტივი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ქუთაისი იქნება რეგიონის განვითარების სტიმული“.

მისი სიტყვებით კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატსის შესახებ“ კანონპროექტი 15 პუნქტისგან შედგება და მხარდაჭერის შემთხვევაში 2021 წლიდან ამოქმედდება.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.

პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

ასევე ნახეთ: ქუთაისი: კულტურის დედაქალაქის სტატუსი საპარლამენტო დედაქალაქობის ნაცვლად

პარლამენტი - ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და წითელი ხაზი ხელისუფლებისთვის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG