Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ნავალნიზე თავდასხმასთან დაკავშირებით


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს მოიწონა რეზოლუცია, რომელშიც ის გამოდის მოწოდებით, საერთაშორისო გამოძიება გაიმართოს რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში ამ ინციდენტს სიცოცხლეზე თავდასხმა ეწოდება.

დოკუმენტში ასევე ღრმა შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების არაერთი შემთხვევის გამო. ევროპარლამენტმა რუსეთს მოუწოდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

რეზოლუციაში, რომლის პროექტი ერთდროულად რამდენიმე ფრაქციამ წარმოადგინა, ნათქვამია, რომ ნავალნის მოკვლის მცდელობა არის „ნაწილი სისტემატური ძალისხმევისა, რაც მიმართულია იქით, რომ ჩააჩუმოს ის და სხვა კრიტიკული ხმები“ რუსეთში. ამასთან, ნავალნის საქმეს ევროპარლამენტარები განიხილავენ ერთ-ერთ რგოლად კრემლის პოლიტიკის ჯაჭვში, რომელიც მიმართულია „რეპრესიებისკენ სახელმწიფოს შიგნით და აგრესიისკენ მის გარეთ“, მათ შორის წესების დაცვაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრისკენ.

რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი მოწოდებას, უახლოეს დროში შეადგინოს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების სია და გააფართოვოს უკვე არსებული სანქციები, მათ შორის გამოიყენოს სანქციების მექანიზმი პირების მიმართ, რომლების წინააღმდეგაც ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ აწარმოებდა გამოძიებას.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას რუსეთის კანონმდებლობის რეპრესიული ნორმების გაუქმება, მათ შორის კანონმდებლობისა ე.წ. უცხოეთის აგენტების თაობაზე. ამასთან, რუსეთის კონსტიტუციაში ახლახან შეტანილი ცვლილებები რეზოლუციაში მოიხსენიება, როგორც „ძალაში უკანონოდ შესული“.

ევროკავშირის ხელმღვანელობას გაეგზავნა მოწოდება, რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს, კავშირის წევრ ქვეყნებს კი რეზოლუცია მოუწოდებს, რომ ამ საკითხში ერთიანი პოზიცია იქონიონ. დოკუმენტი ადასტურებს ევროპარლამენტის მიერ ადრე გამოთქმულ დამოკიდებულებას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის პროექტის მიმართ. ასევე, ის შეიცავს მოწოდებას, ამოქმედდეს „მაგნიტსკის კანონის“ მსგავსი სანქციების მექანიზმი.

ცალკე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის შეიქმნას ევროკავშირში სწავლის პირობები, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიქმნას „უცხოეთში რუსეთის უნივერსიტეტი“.

ეს რეზოლუცია, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სხვა რეზოლუციები, სარეკომენდაციო ხასიათისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG