Accessibility links

ჯო ბაიდენმა დაგმო ბრიტანეთის გეგმა, დაარღვიოს ბრექსიტის შეთანხმება


ჯო ბაიდენი

ხუთშაბათს ახალ წინააღმდეგობას წააწყდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმა, დაარღვიოს ბრექსიტის თაობაზე ევროკავშირთან შეთანხმება. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა, ევროკავშირმა კი უკუაგდო დიდი ბრიტანეთის არგუმენტები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ხელმძღვანელობს კანონით, რომელიც აუქმებს ბრექსიტის თაობაზე ზოგიერთ შეთანხმებას, როგორც სადაზღვევო პოლისს ევროკავშირის „არაჭკვიანური“ მოქმედებისგან თავის დასაცავად.

ჯონსონის ამ ნაბიჯმა გააჩინა შიში, რომ ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებების დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით 1998 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას, რამაც ბოლო მოუღო ათწლეულების ძალადობას ირლანდიელ ნაციონალისტებსა და ბრიტანელ იუნიონისტებს შორის.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ერთობლივად დადეს პირობა ბრექსიტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვარზე არ იმოქმედებს საბაჟოები ან სხვა მსგავსი ბარიერები. ღია საზღვარს საკვანძო მნიშვნელობა აქვს 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმების ფუნქციონირებისთვის.

ჯო ბაიდენის თქმით, დაუშვებელია, რომ 1998 წლის შეთანხმება ბრექსიტს შეეწიროს.

„ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დამოუკიდებული უნდა იყოს შეთანხმების შესრულებაზე და მყარი საზღვრის შემოღების თავიდან აცილებაზე“, დაწერა ბაიდენმა ტვირტერში.

ევროკავშირმა ბრიტანეთის მთავრობას მოსთხოვა, სექტემბრის ბოლომდე უარი თქვას თავის გეგმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სამართლებრივი ნაბიჯები მოჰყვება.

დიდი ბრიტანეთი 31 იანვარს გავიდა ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუტებიდან, მაგრამ ის ტარიფებისგან თავისუფალ გარდამავალ პერიოდში იმყოფება წლის ბოლომდე. მომავალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG