Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი თბილისში ხედავს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე პოლიტიკოსებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება და დალაგდება. ამის შესახებ ლავროვმა განაცხადა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუში.

„ჩვენ ვხედავთ გამოჩენას ქართველი პოლიტიკოსების, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ეს მცირე პარტიებია მმართველ ელიტებში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იზეიმებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ახლობლობა, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა“, - თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შერცხვენილი იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობა.

ლავროვი ამბობს, რომ გასულ წელს რუსეთს და საქართველოს უვიზო რეჟიმამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ შემდეგ მოხდა სკანდალი თბილისში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გარშემო.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდეს. მისივე თქმით, რუსეთს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი განუზრახავს.

2008 წლის მოვლენებზე საუბრისას, ლავროვი აცხადებს, რომ ყველას კარგად ახსოვს, როგორც წვრთიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას: “ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ყველა შეთანხმება ფეხქვეშ გათელა და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის შემდეგ შეწყვიტა. რუსეთს აღიარებული აქვს საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და იქ სამხედრო ბაზები აქვს გახსნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG