Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია


მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ასევე სწავლების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო უფრო ძლიერი და დაცულია და თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს:

„ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ეფექტიანი და დინამიკური თანამშრომლობისთვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებს:

„აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც ჩვენი მყარი მიზანია!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლის ბოლოს.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს მიმდინარეობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.

XS
SM
MD
LG