Accessibility links

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, ერთ-ერთ პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ახლა სკოლაში სწავლა შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ტესტი ვირუსზე გუშინ, 17 სექტემბერს ჩაიტარა და შედეგი დადებითი გამოდგა. მისივე განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ელოდებიან.

"სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას", - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა. მისი განმარტებით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა. მათგან 129 აჭარაში. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3119-მდე გაიზარდა. 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1435.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG