Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი მოწინავე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით არ იხოცებიან. ამის სათქმელად მან პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა.

"სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ დღეს სიღარიბისა და შიმშილის გამო ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან გვაქვს ჩვენ კავშირი ისე, როგორც მსოფლიოს 55 პროცენტი მოქალაქეების არასრულფასოვნად იკვებება. ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილით დღეს საქართველოში იღუპებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება", - განაცხადა მან.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. კვლევის გასაჯაროების შემდეგ ამ მოტივით გიორგი კვირიკაშვილს პრემიერის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მას შემდეგ დიმიტრი ხუნდაძეც და მისი კიდევ ერთი თანაგუნდელი, რევაზ არველაძე აცხადებენ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, რევაზ არველაძემ "მთავარ არხთან" საუბრის დროს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.

"ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ [ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ]... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა", - ამბობდა მაშინ არველაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG