Accessibility links

გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი


ვაშინგტონში 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი.

სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის თავმჯდომარემ, სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ სენატი განიხილავს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურას, რომლის წარდგენას აპირებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის მამა აშშ-ში გადასახლდა რევოლუციამდელი რუსეთიდან, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო.

მისი კანდიდატურა 1993 წელს დაასახელა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა. რუთ ბეიდერ გინზბურგი მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის სიმბოლოდ იქცა.

მისი მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილებები, როცა დამტკიცდა ქალთა უფლება აბორტზე, ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების უფლების კონსტიტუციურობა, რასობრივ უმცირესობათა უფლებები. ის იყო იმ მოსამართლეთა შორის, ვინც მხარი დაუჭირა სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმის კანონიერებას.

მისი სიკვდილი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი ნაწილობრივ მოულოდნელი იყო, რადგან ვრცელდებოდა ცნობები მკურნალობის კურსის წარმატებულობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის გარდაცვალებას მოჰყვება პოლიტიკური მღელვარება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან რესპუბლიკურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, უზენაეს სასამართლოში მოიპოვოს საიმედო კონსერვატიული უმრავლესობა.

დონალდ ტრამპმა უკვე დანიშნა უზენაეს სასამართლოში ორი კონსერვატორი მოსამართლე თავისი პრეზიდენტობის პერიოდში.

მოსამართლის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს სენატმა, რომელიც, იქიდან გამომდინარე, რომ იქ უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, კონსერვატორი კანდიდატის რაც შეიძლება სწრაფად გაყვანას შეეცდება. სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში თავისუფალ ადგილზე არავინ უნდა დაინიშნოს, სანამ ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული.

სასამართლოს ბოლო შემადგენლობაში ხუთი მოსამართლე რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული იყო, ოთხი კი დემოკრატისა.

სასამართლოს ცხრა წევრს შორის მეექვსე კონსერვატორი იურისტის გამოჩენა მკვეთრად შეცვლის ძალთა ბალანსს ქვეყნის ხელისუფლების ერთობ მნიშვნელოვან, სასამართლო შტოში, რომელიც ხშირად აფასებს კონგრესისა და მთავრობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობას.

მიტჩ მაკკონელის მზადყოფნას, განიხილონ მოსამართლის კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი წარადგენს, არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, მძაფრი კრიტიკა მოჰყვა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც გაიხსენეს, რომ მაკკონელმა 2016 წელს უარი თქვა განეხილათ სენატში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურა, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა არჩევნებამდე ნახევარ წელზე მეტი ხნით ადრე.

მაკკონელმა მაშინ განაცხადა, რომ ეს უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს.

აშშ-ის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს წევრებს ნიშნავს სამუდამოდ. წევრობა სრულდება მხოლოდ მოსამართლის საკუთარი ნებით გადადგომით, ან გარდაცვალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG