Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი წერს გამოჯანმრთელების „ცხადი, მაგრამ არა მოკლე გზის“ შესახებ


რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“, მოწამვლის შემდეგ, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს თავისი გამოჯანმრთელების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ნავალნის თანახმად, მას უჭირს ტელეფონის ხელში დაჭერა და როცა წყალს ისხამს, ეს მთელი „ატრაქციონია“.

თუმცა, ოპოზიციონერი წერს, რომ ეს არის „ცხადი, მაგრამ არა მოკლე გზა“.

ნავალნიმ გამოაქვეყნა ასევე თავისი ფოტო, როგორ ჩადის კიბეზე საავადმყოფოში, ბერლინში, სადაც ის გადააფრინეს სამკურნალოდ ომსკიდან.

ნავალნი წერს, რომ სულ ახლახან ხალხს ვერ ცნობდა და არ იცოდა, რა ეთქვა. „ახლა ის ადამიანი ვარ, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როცა კიბეზე ადის, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობს: ეს ხომ კიბეა!“, ჰყვება ალექსეი ნავალნი თავისი გამოჯანმრთელების მიმდინარეობის საილუსტრაციოდ და იქვე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი.

ნავალნი 20 აგვისტოს გახდა ცუდად მოულოდნელად თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ ნავალნი ბერლინში გადააფრინეს. გერმანიის არმიის, ასევე ორი სხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, მის სხეულში აღმოაჩინეს ნერვული აგენტი სამხედრო კლასის ნივთიერებების, „ნოვიჩოკის", ჯგუფისა.

ნავალნი 7 სექტემბრამდე იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.
დასავლეთის მთავრობები მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვენ. რუსეთი, სადაც არ დაუწყიათ გამოძიება, არ აღიარებს მოწამვლის ვერსიას.

ერთი დღის წინ ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია პევჩიხმა „ბი-ბი-სი-ს“ უთხრა, რომ მან გაიტანა გერმანიაში ოპოზიციონერის სასტუმროს ოთახში ნანახი ბოთლი, რომელზეც, მედიის თანახმად, ნაპოვნი იქნა „ნოვიჩოკის“ კვალი. ბოთლზე აგენტის კვალის მიგნების ცნობას კრემლის წარმომადგენელმა „აბსურდული“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG