Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში სოლიდარობის ქალთა მსვლელობის დროს დემონსტრანტები დააკავეს


ბელარუსის დედაქალაქში 19 სექტემბერს გაიმართა მსვლელობა, რომელიც მიეძღვნა თეთრ-წითელ დროშას, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოდ აღადგინეს 1991 წლის 19 სექტემბერს.

დემონსტრაციის დროს დააკავეს ათეულობით პირი. სპეცდანიშნულების რაზმელებს არ ეყოთ ადგილები ავტომანქანებში, რათა ყველა დაკავებული გადაეყვანათ.

ასეულობით მონაწილემ, უპირატესად ქალებმა, გაიარეს მინსკის ცენტრში. მათ ხელში ეკავათ თეთრ-წითელი სიმბოლოები და პლაკატები წარწერით „SOS“. გამოსვლის მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „მადლობა ჟურნალისტებს“, „გვჯერა, რომ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობდა არანაკლებ ათასი ადამიანისა.

მსვლელობას გზად მისდევდა და მხარს უჭერდა ავტომანქანების და ბაიკერების ჯგუფები. აივნებიდან მსვლელობას მიესალმებოდა მინსკის მოსახლეობა. სპეცრაზმმა გზა გადაუკეტა და დაიწყო მონაწილეთა დაკავება. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა 73 წლის ქალი, ნინა ბაგინსკაია, რომელიც შემდგომ გაუშვეს.

დაკავებულთა რაოდენობის შესახებ იტყობინებიან, რომ მათი რიცხვი 200-დან 250-მდეა. უფლებადამცველმა ცენტრმა, „ვიასნამ“ გამოაქვეყნა სია თითქმის 160 დაკავებულისა.

კვირას, 20 სექტემბრისთვის დაგეგმილია სოლიდარობის ახალი მსვლელობა. ტრადიციულად, კვირის აქციაზე ასეულობით ათასი ადამიანი იყრის ხოლმე თავს.

ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 9 აგვისტოს შემდეგ, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ამას არ ეთანხმება ბელარუსის ოპოზიცია და მათი მრავალი ათასი მომხრე აქციებს მართავს ლუკაშენკას გადადგომის, ასევე ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი თვლიან, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო.

დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ, ასევე გაერომ და ევროკავშირმა, დაგმეს ბელარუსის ხელისუფლების ქმედება, - ძალით დემონსტრაციების ჩახშობა, ათასობით მონაწილის დაკავება, ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრება და მათი იძულება, დატოვონ ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG