Accessibility links

პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო გადადგა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი


ადამ ვოიტეხი

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, რაც ის კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, თუ როგორ ართმევს თავს კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღას. ჩეხეთი ევროკავშირის მასშტაბით მეორე ადგილზეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიხედვით.

21 სექტემბერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ტვიტერში მადლობა გადაუხადა ვოიტეხს გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ მან „წარმოუდგენლად“ კარგად გაართვა თავი პანდემიის პირველ ტალღას და ის ქვეყნის საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრად გვემახსოვრებოდა, მთელი თავისი ენერგია რომ არ შეელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, იან ჰამაჩეკმა თქვა, რომ, როგორც მოსალოდნელია, ბაბიში რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადებს ვოიტეხის შემცვლელს, რათა სამინისტრომ შეძლოს პანდემიის საწინააღმდეგო ზომების მართვა.

ბაბიში დღეს ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 22 საათზე) სატელევიზიო მიმართვით გამოვა პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ზაფხულის წინ გააუქმა პანდემიის პირველი ტალღის დროს შემოღებული ბევრი ამკრძალავი ზომა.

ევროკავშირის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის თანახმად, უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკაში 100 ათას მოსახლეზე აღირიცხა ინფიცირების 193 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG