Accessibility links

4 პირი დააკავეს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების ბრალდებით


ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც უწყებაში იტყობინებიან, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, „LEXUS GS”-ის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „CZ”-ის მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG