Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავიწყებული ქართული


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

ქართველი ემიგრანტებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო. ქართველებმა, როგორც არავინ ვიცით, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის დედა ენა. ეს ქართველი ერის ცნობიერში არც მეტი, არც ნაკლები ისტორიულმა გამოცდილებამ დაამკვირდრა.

ფრანგმენტები ყოფილი ემიგრანტის დღიურიდან

ქართველი ემიგრანტებისთვის საკუთარი შვილებისთვის მშობლიური ენის სწავლას ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. 1990-იანებში როცა პეტერბურგში აღმოვჩნდით, ჩემმა მშობლებმა ახლობლისგან გაიგეს ქართული სკოლის არსებობის შესახებ, რომელიც დაარსდა სანქტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომოს მეოხებით 1995 წელს. მშობლების სასწავლებლის დირექტორთან და პედაგოგებთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მე და ჩემი ძმა შევუდექით სწავლას. სკოლაში ბევრ ქართველს მოეყარა თავი, პედაგოგების უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილი ქართველები იყვნენ, დირექტორი კი მეცნიერ-მუშაკი დარეჯან ჩხეიძე გახლდათ. სწავლის დაწყებიდან მალევე დედამ განიზრახა ჩემი და ჩემი ძმის სხვა სკოლაში გადაყვანა, სადაც გაძლიერებულად ასწავლიდნენ უცხო ენებს, მაგრამ მამა შეეწინააღმდეგა. მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით ჩემს ქართულს გადაგვარება არ ემუქრებოდა( მშობლები ქართულად გვესაუბრებოდნენ, დედა კი ქართულ პროზას და პოეზიას მასწავლიდა), საკითხი მამის სასარგებლად გადაწყდა. ენების შესწავლის სხვა გზაც არსებობდა, ქართულს კი ყველგან არ ასწავლიდნენ. იქ ჩვენთვის პატარა საქართველო იყო. შორი მანძილის მიუხედავად, მშობლებს, მეტწილად კი დედებს წლები დავყავდით ქართულ სკოლაში. ისინი სწავლის დასრულებამდე გველოდებოდნენ დირექციისგან მათთვის განკუთვნილ ორ პატარა ოთახში. ჩემი და სხვა მოსწავლეების მშობლებს თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი შვილები სასწავლებლად სახლთან ახლოს, ორ ნაბიჯში არსებულ რუსულ სკოლებში შეეყვანათ, რაც მათთვის მეტად მოხერხებული იქნებოდა. მართალია, შეეძლოთ, თუმცა არჩევანი რთულ ვარიანტზე გააკეთეს. “პირველმა ქართულმა სკოლამ” რამოდენიმე წელი იარსება. დახურვის შემდეგ ქართული კლასები და პედაგოგების ნაწილი შეუერთდა ერთ-ერთ რუსულ სკოლას და გახდა მისი შემადგენელი ნაწილი, ქართული პროგრამა რუსულმა შეცვალა, თუმცა დირექტორის გადაწყვეტილებით დაგვიტოვეს შემდეგი საგნები: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულება, სადაც განვაგრძეთ სწავლა, ცნობილი იყო როგორც საჯარო სკოლა ეთნოკულტურული კომპონენტებით. მნიშვნელოვანია პეტერბურგის ქართული დიასპორის როლი, რომლის ხელმძღვანელი ბადრი კაკაბაძე და მისი თანაგუდნელები ყოველთვის გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ ქართველ ემირგანტებს.

რაც შეეხება ქართული ენის ცოდნას, ვთვლი, რომ გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქართული დავიწყებას გადაურჩა და საკუთარ თავს იღბლიანთა ლიგას მივაკუთვნიდი, ყოველთვის მწყდებოდა გული იმათზე, ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუმართლა.

დავიწყებული ქართული - დავიწყებული მშობლიური

მშობლიური ენის ცოდნა-არცოდნის საკითხი ქართველ ემიგრანტებში სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. ვიღაცას ოჯახში ქართული ენა საერთოდ არ ესმოდა, რის შედეგადაც თანამემამულეებთან ან ქართველ ნათესავებთან ურთიერთობა უჭირდათ, საქართველოში ზაფხულობით ჩამოსულები კი თანატოლებთან საერთო ენას ვერ პოულობდნენ. თუმცა, სხვების შემთხვევებში, ზაფხულობით სამშობლოში შვილების გამგზავრება ენის ცოდნაზე დადებითად აისახებოდა. თუმცა, ამას რეგულარული ხასიათი არ ჰქონდა.

თემის მზადების პროცესში პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს დავუკავშირდი, ვისი შვილებიც დღესდღეობით ქართულად არ საუბრობენ. თავად მშობლებს, რომელთაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, თავად ქართული ენის ბარიერი არ ჰქონდათ. ისინი ქართულად თავისუფლად მეტყველებენ, რაც განაპირობა ე.წ. ქართულმა გარემომ. ერთმა ენა ოჯახში აითვისა, მეორემ კი სკოლაში შეისწავლა. ქართული მათთვის სამეტყველო ენა იყო. გუშინდელ ბავშვები, რომლებიც თავს იწონებდნენ მოქართულეობით, დღეს თავიანთ შვილებს მშობლიურ ენას არ ასწავლიან. რამოდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესაუბრებიან ის და თავისი მეუღლე შვილებს ქართულად, რესპონდენტმა მიპასუხა: “შვილებს ვესაუბრები იმ ენაზე, რომელიც ესმით. რა საჭიროა იცოდნენ ქართული. მათ მიერ ქართული ენის შესწავლის აუცილებლობას ვერ ვხედავ’’.

მეგობართან საუბრისას გაირკვა, რომ მისი უმცროსი ნათესავები ქართულად უკვე არ საუბრობენ. ძალიან გავიკვირვე, რადგან ადრე, იქ ცხოვრების პერიოდს ხშირად ვსტუმრობდი მათ და დაზუსტებით მახსოვდა, რომ ოჯახში ძირითადად ქართულად მეტყველებდნენ. დღესდღებით, მშობლები ბავშვებს ქართულად აღარ ესაუბრებიან და ამ საკითხს მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მეტიც, მათ ჩემი მეგობრის შეთავაზებაზე ემეცადინა ქართულში, ბავშვების მშობლებმა უარი განაცხადეს.

რასაც ჩვენ მშობლიურ ენას ვუწოდებთ, ქართულად არმოსაუბრე თუ ვერმოსაუბრე ქართველებისთვის ახალი თაობებისთვის წინაპრების ენაა, რომლის მნიშვნელობა არ ესმით.

ზოგიერთის შემთხვევაში ოჯახში სასაუბრო ქართული მხოლოდ არ კმარა. “შვილებს გამუდმებით ქართულად ვესაუბრები. მათ ესმით რასაც ველაპარაკები, მაგრამ თვითონ რუსულად მელაპარაკებიან. მე ქართულად მივმართავ, ისინი კი რუსულად მპასუხობენ. ჩემი ბიჭები ქართულად არ მეტყველებენ”, - მპასუხობს ერთ-ერთი რესპონდენტი ზრდასრულ შვილებზე.

ქართულის გაკვეთილები ნევის სანაპიროებზე

უკვე რამოდენიმე წელი, რაც ქართული საგნები ჩვენ სკოლაში გაუქმდა, თუმცა ქართულის ენას მოწადინებული მოსწავლეები ხათუნა ბეროძე- ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების დასასრულს ეუფლებიან. ასევე, მასწავლებელი გაკვეთილებს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის ბიბლიოთეკაში ატარებს.

სანქტ–პეტერბურგში ქართული ენის შესწავლა შესაძლებელია კერძო პედაგოგებთან ან ინტერნეტ-კურსების მეშვეობით. ასევე მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ენას სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, სადაც ქართული ენის შესწავლის პროგრამას საფუძველი დავით ჩუბინაშვილმა 1855 წელს ჩაუყარა. დიდი ხნის ინტერვალის შემდეგ, 2002–2003 წლებში ქართული განყოფილება აღდგა, და როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციაში დამიდასტურეს, დღესაც წარმატებულად მუშაობს.

შედეგი - პრობლემა

ქართველები, რომლებიც რუსეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, ენის ბარიერის გამო გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებიან. ზოგი ახალგაზრდა თბილისში სასწავლებლად ჩამოდის, ზოგი კი პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად. ჩამოსვლისთანავე ხვდებიან რეალობაში, სადაც პრიორიტეტული სახელმწიფო ენაა და ეჯახებიან პრობლემას, რასაც აქამდე პრობლემად არც კი აღიქვავდნენ. ისინი ინტეგრაციის პროცესში გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. ქართულად თითქმის ან საერთოდ არმოსაუბრე ახალგაზრდობას უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და მეგობრების შეძენა. ასევე, ენობრივი ბარიერი მათ პრობლემას უქმნით დასაქმების დროს. ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაღალი დონის რუსულის მცოდნე თანამშრომელი სჭირდებოდათ, კანდიდატი დაიწუნეს იმიტომ, რომ ის ქართულად რუსული აქცენტით საუბრობდა, მეტყველებაზე კი ეტყობოდა, რომ რუსულად აზროვნების შედეგად ქართულად აზრის ჩამოყალიბება უჭირდა. რუსული კი იყო საჭირო, მაგრამ არანაკლებ საჭირო იყო ქართული. ინტეგრაცია არა მარტო ქართულად ვერმოსაუბრეების, არამედ ქართულად მოსაუბრეების პრობლემაცაა - ქართულად კი საუბრობენ, მაგრამ მაინც უძნელდებათ გარემოსთან შეგუება, რომელიც მათთვის ახალი და უცხოა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG