Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის შეძენა სურთ


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V“-ის შეძენას და მოსახლეობის ნებაყოფლობით, უფასო აცრას გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ უთხრა სააგენტო „აფსნიპრესს“.

წახნაკიას განცხადებით, იმის გამო, რომ კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი რუსეთში ჯერ არ დასრულებულა და მისი ფართოდ გამოყენება არ დაწყებულა, ამ ეტაპზე რუსეთს მხოლოდ ზეპირი თხოვნით მიმართეს. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუსული მხარე მიმართვას განიხილავს და როგორც კი ექსპორტის გადაწყვეტილებას მიიღებს, აფხაზურ მხარეს აცნობებს. თამაზ წახნაკიას თქმით, სამინისტროს ხარჯებით აპირებენ 15-20 ათასი დოზა ვაქცინის შეძენას.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს, 21 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აღრიცხული აქვთ საერთო ჯამში 995 შემთხვევა, მათგან 7 გარდაცვალების.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დარეგისტრირებულია ახალი ვაქცინა "სპუტნიკ V", რომელიც მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს. პუტინის მტკიცებით, ვაქცინამ ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკვე აიცრა კიდეც. რუსეთი ვაქცინის მასობრივად წარმოების დაწყებას 2021 წლის იანვრიდან აპირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და წამყვანი სახელმწიფოების ექსპერტებმა რუსული ვაქცინის მიმართ სკეტპიკური დამოკიდებულება გამოხატეს, რადგან "სპუტნიკ V" გამოცდის მესამე, გადამწყვეტი ეტაპის გარეშე დაარეგისტრირეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებდა, ვაქცინის შემუშავებისას დაეცვა უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტების წარმოების ყველა სტანდარტი. საერთაშორისო სტანდარტით, ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა სამეტაპიანი უნდა იყოს და ბოლო, მესამე ეტაპზე ის უნდა გამოსცადონ რამდენიმე ათას ადამიანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG